ლადო გუდიაშვილი
XX საუკუნის ქართული მხატვრობის გალერეას გამორჩეული ინდივიდები ქმნიან. გამორჩეულნი მხატვრული რანგით, პიროვნული შარმით, თუ მომნუსხველი მხატვრული სამყაროთი. მათ შორის კი, არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სახელი, რომელთა შემოქმედება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ოქროს ფონდს წარმოადგენს და მათ რიცხვშია მხატვარი ლადო გუდიაშვილი.
ლადო გუდიაშვილი 1896 წლის 18 მარტს, თბილისში, დავით გუდიაშვილისა და ელისაბედ ითონიშვილის ოჯახში დაიბადა. ხატვის მიმართ ინტერესი ადრევე გამოავლინა და 1914 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გუდიაშვილი, ილუსტრატორის რანგში, სხვადასხვა ჟურნალებთან თანამშრომლობდა, ხოლო 1916 წლიდან მონაწილეობდა „ქართველ ხელოვანთა“ და „საისტორიო-საეთნოგრაფიო“ საზოგადოებების მიერ ორგანიზებულ ექსპედიციებში, რომელთა მიზანი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და მხატვრობის შესწავლა იყო. ამ ექსპედიციების ფარგლებში გუდიაშვილმა შეასრულა ნაბახტევისა და დავით გარეჯის ფრესკების ასლები, რომლებიც 1917 წელს, ექსპედიციის მონაწილე სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ,,დიდების ტაძარში“ (დღეს - ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა) გამოიფინა. ამ ექსპედიციების გამოცდილება, მონუმენტური მხატვრობის რაციონალური გააზრების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გუდიაშვილისთვის, რაც მომავალში არაერთხელ იჩენს თავს მის მხატვრობაში.
ზოგადად, XX საუკუნის 10-20-იანი წლების თბილისი საოცრად საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობდა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე მდებარე ქალაქი თავის ეგზოტიკური ხიბლით სხვადასხვა ქვეყნებიდან იზიდავდა I მსოფლიო ომს გარიდებულ ხელოვანებს. სწორედ ამ თბილისზე ამბობდა პოეტი და მხატვარი იგორ ტერენტიევი ,,მაიდნიდან მატარებელი პირდაპირ ევროპაში მიდისო“. მულტიკულტურულ ქალაქში სტუმრობა, სადაც გვერდიგვერდ ქართულ, აზერბაიჯანულ, ქურთულ, სომხურ, თუ ებრაულ ტრადიციულ სამოსში ჩაცმულ ადამიანსაც დაინახავდი და ფრანგულ ქალაქურ მოდაზე გამოწყობილ დენდისაც, ქოლგიან ქალბატონთან ერთად მიმავალს, ევროპელი ხელოვანებისთვის უდიდესი შემოქმედებითი იმპულსი იყო. ამ პერიოდში თბილისს სტუმრობდნენ პოეტები სერგეი ესენინი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, ალექსეი კრუჩონიხი, ვასილი კამენსკი, კონსტანტინ ბალმონტი, იური დეგენი, მხატვარი და კომპოზიტორი ალექსანდრე კორონა, კომპოზიტორი ნიკოლაი ჩერეპნინი, მხატვრები სერგეი სუდეიკინი, საველი სორინი და სხვები; თბილისში, არაერთი არტისტული გაერთიანება, ლიტერატურული ჯგუფი, თუ სალონი შეიქმნა: ,,ცისფერყანწელები“, ,,მალი კრუგ“, ,,ფუტურისტთა სინდიკატი“, „ქართველ მხატვართა საზოგადოება“; ახალგაზრდა ხელოვანებმა სინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებით და იდეებით ქართული ხელოვნების ახალ საფეხურს ჩაუყარეს საფუძველი. ისინი მსოფლიო ავანგარდის მიღწევების შემოქმედებით გააზრებას და ქართულ ხელოვნებაში მის დანერგვაზე მუშაობდნენ.
ქართველი და მათთან დამეგობრებული ევროპელი არტისტებისთვის თბილისში თავშეყრის არაერთი ადგილი არსებობდა. თბილისის ძველი, ისტორიული უბნების - ავლაბრის, ორთაჭალის მხარე ტრადიციული თბილისური დუქნებით იყო მოფენილი, სადაც სუფრაზე ქართული ღვინო და უგემრიელესი კერძები ეწყო, კედლებზე კი ფიროსმანაშვილის სურათები ეკიდა. ხოლო თბილისის ევროპულ ნაწილში ერთმანეთის მიიყოლებით გახსნილ არტისტულ კაფეებში: ,,ფანტასტიკური სამიკიტნო“, „არგონავტების ნავი“, „ფარშევანგის კუდი“, „ინტერნაციონალი“, „ქიმერიონი“ - ბოჰემური თავყრილობები იმართებოდა.
ლადო გუდიაშვილი ამ არტისტული გარემოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ილია და კირილ ზდანევიჩებთან და ალექსეი კრუჩონიხთან ერთად იგი ,,ფუტურისთტა სინდიკატში“ იყო გაერთიანებული, დავით კაკაბაძესთან და სერგეი სუდეიკინთან ერთად მან არტისტული კაფე „ქიმერიონის“ კედლების მხოატვაზე იმუშვა, მონაწილეობდა თბილისში დაბეჭდილი ავანგარდული წიგნების გამოცემაში და მათთვის ილუსტრაციებს ამზადებდა. 1917-1918 წლებიდან, სრულიად ახალგაზრდა მხატვარი სპონტანური ნიჭიერების და თვითნაბადი არტისტულობის წყალობით, უკვე ქმნის შემოქმედების პირველ და უაღრესად საინტერესო ეტაპს.
გუდიაშვილის პირველი ეტაპის მხატვრობის თემა თბილისის და მისი ეგზოტიკური ფენის - კინტოების, ყარაჩოხელების, დარდიმანდი მოქეიფეების ცხოვრების სცენების ასახვაა. კინტოები თბილში მცხოვრები წვრილი ვაჭრები იყვნენ, განთქმულნი თავის გაიძვერობით, ყარაჩოხელები კი ხელოსანთა წრის წარმომადგენლები, საკუთარი კანონებით მცხოვრები ფენა, სახასიათო ჩაცმულობითა და ქცევის კოდექსით. საწყის ეტაპზე ეს სუბკულტურა ხდება გუდიაშვილის ინსპირაციის წყარო. სურათებში „სადღეგრძელო განთიადისას“, ,,კინტოების ქეიფი ქალთან“, „თევზი ცოცხალი“, თუ „ხაში“, მძაფრი ექსპრესიით და მკაფიოდ რიტმიზებული ნახატით, ჩანს გამოკვეთილი ინდივიდის ხელი, რომელიც თანადროული ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთ უმთავრეს მხატვრულ პრობლემას - ადამიანის სხეულის გადმოცემას თანამედროვე ნახატით - უჩვეულო შემოქმედებითი სილაღით სწყვეტს. ამ ,,ბოჰემურ რაფსოდიებში“ ლადო გუდიაშვილი ქმნის ნახატის სრულიად ახლებურ ხასიათს, და ამასთანავე, სრულად ინარჩუნებს სახასიათო მხატვრული სახეების გამომსახველობას. ნახატის პრობლემატიკის გადაწყვეტა, ასეთ რანგში, 10-20-იანი წლების ევროპულ მხატვრობაში სულ რამდენიმე ფიგურამ - პაბლო პიკასომ, მარკ შაგალმა, ამადეო მოდილიანიმ - თუ შესძლო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუდიაშვილის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე იკვეთება რამდენიმე ფაქტორი, რომელიც სხვადასხვა დოზით მნიშვნელოვანი იქნება მთელი მისი ხანგრძლივი შემოქმედების ეტაპებზე. I - ზემოთ აღნიშნული სიღრმობრივი ცოდნა ქართული მონუმენტური მხატვრობის მეთოდებისა, რაც ჩანს გუდიაშვილის ფორმების მონუმენტალიზმში, საერთო სიბრტყოვანებაში, ვერტიკალური აქცენტების სიჭარბესა და მათ სპეციფიკურ გადანაწილებაში სურათის ზედაპირზე; II - ირანული მხატვრობის გააზრება, რომელიც ხაზის სტილიზაციის გუდიაშვილისეულ ვარიანტში ვლინდება; III - ფიროსმანაშვილის შემოქმედება, რაც გუდიაშვილისთვის ასევე მნიშვნელოვანი ინსპირაციის წყარო გახდა.
1919 ლადო გუდიაშვილმა დავით კაკაბაძესთან და სერგეი სუდეიკინთან ერთად მონაწილეობა მიიღო არტისტული კაფე „ქიმერიონის“ მოხატვაში. სუდეიკინთან მუშაობა დიდი გამოცდილება აღმოჩნდა ახალგაზრდა მხატვრისთვის. მისი „სტეპკოს დუქანი“ - თევზით, ხილით და ღვინის ბოთლებით სავსე თბილისური დახლი მედუქნითა და მოხელით, „ქიმერიონში“ კიბის თავზეა გამოსახული. ეს არის უაღრესად ცოცხალი სცენა სახასიათო, გამომსახველი ტიპაჟებითა და ზუსტი კოლორისტული აქცენტებით. „სტეპკოს“ დუქნის“ მხატვრულ ღირებულებას მხატვრის მიერ მისი განთავსების ოსტატურობაც ზრდის: სცენა იმგვარი რაკურსით ვითარდება, რომ გვერდით ჩავლისას უშუალოდ თანამონაწილეობის შთაბეჭდილებას უქმნის მნახველს.
იმავე, 1919 წელს, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები გამოიფინა „დიდების ტაძარში“ მოწყობილ გამოფენაზე და საზოგადოების ყურადღება მიიქცია. გამოფენის შემდგომ, ეროვნული გალერეის დირექტორის, დიმიტრი შევარდნაძის მიერ ინიცირებული დაფინანსებით, რამდენიმე ქართველ მხატვართან ერთად, პარიზს გაემგზავრა.
20-იანი წლების პარიზში მთელი მსოფლიოდან ანდამატივით იზიდავდა ახალგაზრდა, ნოვატორ მხატვრებს, მოქანდაკეებს, პოეტებს, მწერლებს, თუ კომპოზიტორებს. მსოფლიოს ავანგარდის ცენტრში ყოფნა უჩვეულოდ ზრდიდა ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედებით დიაპაზონს. გუდიაშვილმა პარიზში 1926 წლამდე დაჰყო. ამ წლების განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო პარიზის სხვადასხვა გალერეებში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა პერსონალური გამოფენა გალერეა ,,ლა ლიკორნიში“ და ჯოზეფ ბიიეს გალერეაში, მუშაობდა თეატრის მხატვრობაში. გუდიაშვილის შემოქმედებით ინტერესდებიან კოლექციონერები, კრიტიკოსები ანდრე სალმონი, მორის რეინალი.
1926 წელს გუდიაშვილი საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში შეცვლილი მხატვრული რეალობა, ხოლო დამოუკიდებელი რესპუბლიკის ნაცვლად - საბჭოთა საქართველო დახვდა. ამ წლებში იგი მუშაობს თეატრის და კინოს მხატვრობაში, 1936 წელს რეჟისორ ვ. მუჯირთან ერთად ქმნის პირველ ქართულ ანიმაციური ფილმს „არგონავტები“, მუშაობს წიგნის გრაფიკაში. დაზგურ მხატვრობაში კი მატულობს ფერწერული ელემენტი. პირველი პერიოდის მუქი, შავისა და მწვანეს კონტრასტზე აგებული ექსპრესიული ფერადოვნება, ფაქიზი ტონალური ფერწერის მდიდარი გრადაციით იცვლება. ამ წლების მხატვრობიდან საინტერესოა პორტრეტის ჟანრის გუდიაშვილისეული ინტერპრეტაცია ნამუშევრებში „ეთერი სარკის წინ“ (1940), „თამარა ციციშვილის პორტრეტი“(1940), სადაც მხატვარი პორტრეტირებულთა კონკრეტული სახეების საინტერესო ფერწერულ და თემატურ განზოგადებას ახდენს.
1932 წლიდან საბჭოთა კავშირში სოცრეალიზმის დოქტრინა ამოქმედდა. ხელოვნების უმთავრესი ფუნქცია გახდა სახელისუფლებო იდეების აგიტაცია-პროპაგანდა, ხოლო საბჭოთა მხატვარი - ბელადების, რევოლუციის გმირების, მშრომელი საბჭოთა ადამიანის მეხოტბედ უნდა ქცეულიყო. ამგვარი წნეხი ხელოვანისთვის მთავარ ფასეულობას - შემოქმედებით თავისუფლებას ზღუდავდა, რაც განსაკუთრებით რთული იყო გუდიაშვილის სპონტანური, არტისტული ნატურისთვის.
გამოსავალი მან საკუთარ ამოუწურავ ფანტაზიაში იპოვნა. შექმნა ირეალური მხატვრული სამყარო ისტორიიდან, ზღაპრებიდან, თუ მითებიდან შთაგონებული ალუზიებით და იქცა სიმბოლოდ მხატვრისა, რომელიც სისტემის მეხოტბე არასდროს გამხდარა. 20-იანი წლების მიწურულიდან ჩნდება მის შემოქმედებაში აქამდე უჩვეულო, განწირული ადამიანის ტრაგიზმით გამსჭვალული ნამუშევრები, სავსე ვერაგობის, ადამიანური მანკიერების მიმართ ერთდროული გაკიცხვითა და თანაგრძნობით: ,,უმწეო“, „ბოროტების ოჯახი“.
1940-იანი წლებიდან გუდიაშვილის მხატვრობაში ჩნდება ისტორიული და ქართული ფოლკლორიდან შთაგონებული თემატიკა: „ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ“ (1945), „ღირსეული პასუხი“(1945), „არმაზის სარკოფაგიდან“(1951), „დევების ქორწილი“ (1954); მშვენერი მხატვრულ-ფერწერული გარდასახვები: „სეირნობის წინ“ (1941), „მოცეკვავე ოლ-ოლი“ (1945), „ჩუქურთმა წითელი ქუდით“ (1944).
1946 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, კალისტრატე ცინცაძემ, ლადო გუდიაშვილს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოხატვა შესთავაზა. ეს შეთავაზება მხატვრისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ქართული არქიტექტურისა და მონუმენტური მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების - ნაბახტევისა და დავით გარეჯის ექსპედიციებში მიღებული გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა ტოტალიტარულ ქვეყანაში, სადაც ათეიზმი სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე იყო აყვანილი, ამ ყველაფრის მიმართ მისი დამოკიდებულების გამოხატვის კიდევ ერთ საშუალებად იქცა. ამიტომ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებებისა, რომ ტაძრის მოხატვა მისთვის ლამის სასიცოცხლო საფრთხის შემცველი და უამრავი უსიამოვნების წყარო იქნებოდა, გუდიაშვილი სიხარულით დათანხმდა წინადადებას და მუშაობა დაიწყო.
ქაშვეთის ტაძარის საკურთხეველში ედემის ბაღის გამაერთიანებელ ფონზე გუდიაშვილმა ღვთისმშობელი ყრმით და მოციქულთა ზიარება გამოხატა, ხოლო მომიჯნავე კედლებზე - მთავარანგელოზი გაბრიელი და ღვთისმშობელი ხარების სცენიდან. ამ სცენების დასრულების შემდგომ ტაძრის მოხატვა შეჩერდა და გუდიაშვილს ცენზურის დაგვიანებული რეაქცია მთელი სიმძიმით დაატყდა თავს. 1948 წელს იგი ფორმალიზმში ბრალდებით სამხატვრო აკადემიიდან გაათავისუფლეს და მხატვართა კავშირის წევრობა შეუჩერეს.
ქაშვეთის ტაძრის მხატვრობა გუდიაშვილის შემოქმედებითი ნატურის თავისებური მახასიათებლების კიდევ ერთი გამოვლინებაა. ეს ფრესკები თავისუფალია როგორც სოცრეალისტურ მხატვრობაში დაკანონებული კლიშეების, ისე შუა საუკუნეების სატაძრო მხატვრობაში დაკანონებული სქემებისგან. ამ შემთხვევაშიც, ყოველგვარ იდეოლოგიურ შეზღუდვას, გუდიაშვილის შემოქმედებითი თავისუფლება სძლევს.
1940-იან წლებშივე ქმნის მხატვარი მკვეთრი თემატიკით და სოციალური კრიტიკით გაჯერებულ სატირული გრაფიკის სერიას. ეს გუდიაშვილის კიდევ ერთი პასუხია არსებულ რეალობაზე, რომელიც მისთვის ორგანულად მიუღებელი იყო. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა მხატვრებისთვის, ლადო გუდიაშვილი ორიენტირად და საუკეთესო მეგობრად იქცა, ხოლო 1957 წელს ეროვნულ გალერეაში გამართული მისი პერსონალური გამოფენა-საბჭოთა რეალობისთვის უცხო სამხატვრო პროტესტის მიზეზად. ეს საინტერესო ფაქტი 1957 წლის 14 მაისს მოხდა. ამ დღეს, სურათების გალერეაში (დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის ეროვნული გალერეა) ლადო გუდიაშვილის რეტროსპექტული გამოფენის გახსნა იყო დაგეგმილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 800-მდე ნამუშევარი, დაწყებული ადრეული პერიოდიდან, ბოლოს შესრულებული ნამუშევრების ჩათვლით. გახსნის წინა საღამოს, უკვე მომზადებული ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, ცენზურამ გამოფენის გახსნა არამიზანშეწონილად ჩათვალა და მისი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებამ აკრძალვის სესახებ არაფერი იცოდა, ამიტომ მეორე დღეს, დათქმულ საათზე, გალერეის წინ, დამთვალიერებელმა მოიყარა თავი. როდესაც შეკრებილი ხალხისთვის ცნობილი გახდა, რომ გალერეის კარი არ გაიღებოდა, ახალგაზრდა მხატვრების ინიციატივით, ადამიანებმა ძალით გააღეს დაკეტილი კარი და დარბაზებში შევიდნენ. როგორც თვითმხილველები იგონებენ, გამოფენას უდიდესი ეფექტი ჰქონდა. გუდიაშვილის შემოქმედება გახდა მაგალითი, რომ ჩაკეტილ, ტოტალიტარულ გარემოშიც შესაძლებელია დარჩე მხატვრად და შეინარჩუნო მხატვრული სამყარო. ეს გამოფენა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული 50-იანი წლების მიწურულს ასპარეზზე გამოსული ქართველი ახალგაზრდა მხატვრებისთვის, რომელთაც პოსტსტალინური ლიბერალიზაციის ეტაპს დაუდეს საფუძველი.
50-ანი წლების მეორე ნახევრიდან ხელოვნებაზე ტოტალური კონტროლის მსუბუქი შესუსტება პოზიტიურად ისახება ქართულ მხატვრობაზე. 60-იან-70-იან წლებში გუდიაშვილის მხატვრობაში ფერწერულობას ისევ ხაზობრივი საწყისის დომინირება სცვლის. პირველი პერიოდის მძაფრი ექსპრესიულობისგან განსხვავებით, მისი ნახატი მეტ დენადობას, მუსიკალურობას და მოქნილობას იძენს. „ქალი წითელი ხელთათმანებით“ (1964), „მარჩიელი ქალი“ (1969), „ანანო ყვავილებით“ (1974). მხატვრის ფანტაზია კიდევ მეტი თავისუფლებით სუნთქავს, თანამედროვე ადამიანებისგან მიღებული ინსპირაციებით დროსა და სივრცეში მოგზაურობს და მასთან ერთად მისი სახეებიც ფანტასტიკურ სამყაროში იძენენ მხატვრულ სიცოცხლეს.
ცალკე თავია გუდიაშვილის შემოქმედებაში წიგნის ილუსტრაცია და თეატრის მხატვრობა. ორივე მიმართულებით იგი შემოქმედების ყველა ეტაპზე მუშაობს. წიგნის გრაფიკიდან განსაკუთრებით საინტერესოა „ვეფხისტყაოსანი“ (რომელზეც მხატვარმა 1931 წლიდან - 1966 წლის ჩათვლით არაერთხელ იმუშავა) „სიბრძნე-სიცრუისა“(1958), ,,ბალავარიანის“(1962) ილუსტრაციები.
ლადო გუდიაშვილი 1980 წელს გარდაიცვალა. მისი შემოქმედება დაზგური ფერწერისა და გრაფიკის, წიგნის გრაფიკის, თეატრის და კინოს მხატვრობის ასობით ნამუშევარს მოიცავს. თითქმის 7 ათწლეულის განმავლობაში შექმნილი მისი შემოქმედება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ოქროს ფონდის კუთვნილებაა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.