ლადო გუდიაშვილის ქუჩა
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი ქალაქ თბილისის ცენტრში, მისივე სახელობის ქუჩაზე, მდებარეობს. ეს ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაწილია. სახლი, რომელშიც მხატვარი ცხოვრობდა, XIX საუკუნით თარიღდება და მისი არქიტექტურაც ამ პერიოდის თბილისის საცხოვრებელი შენობებისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს ატარებს.
მხატვარი ამ სახლში XX საუკუნის 30-იან წლებში დასახლდა თავის ოჯახთან ერთად და გარდაცვალებამდე იქ ცხოვრობდა.
დღეს ლ. გუდიაშვილის ქუჩა მუზეუმების „უბანს“ ეკუთვნის, სადაც რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი: საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
ქუჩას დიდი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის სახელი 1992 წელს ეწოდა. მანამდე იგი ლ. კეცხოველის, ხოლო თავდაპირველად ლორის-მელიქოვის სახელს ატარებდა.