ლადო (ვლადიმერ) გუდიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის ძირითადი თარიღები
1896
დაიბადა 18 მარტს თბილისში (საქართველო), რკინიგზელის ოჯახში.
მამა – დავით გუდიაშვილი, დედა – ელისაბედ ითონიშვილი.
1910
წარჩინებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდები და ჩაირიცხა თბილისში არსებულ „კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების“ ფერწერისა და ქანდაკების სასწავლებელში. მისი პედაგოგები იყვნენ მხატვრები – ო. შმერლინგი (ხელმძღვანელი), ჰ. ჰრინევსკი და სხვ.
1914
დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით და მიენიჭა მხატვარ-პედაგოგის წოდება. მუშაობა დაიწყო ხატვის მასწავლებლად თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. შეასრულა პირველი გრაფიკული ილუსტრაცია თეატრალური მოღვაწისა და გამომცემლის, ი. იმედაშვილის ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" გამოქვეყნებული ლ. ქიაჩელის მოთხრობისათვის, რის შემდეგ იგი ამ ჟურნალის მუდმივი თანამშრომელი გახდა. მხატვარ-ილუსტრატორად მუშაობდა თბილისში გამომავალ სხვა ჟურნალებშიც („არსი“, „ფენიქსი“).
1915
მონაწილეობდა "კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების" მიერ თბილისში ორგანიზებულ ქართველ მხატვართა გამოფენაში. თბილისში გაიმართა მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
1916
აქტიურად ჩაერთო ისტორიული ძეგლების დაცვა–შესწავლისა და ეროვნული კულტურის განვითარების მიზნით "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" დაფუძნებასა და მუშაობაში. სხვა მხატვრებთან (დ. შევარდნაძე, გ. ერისთავი, მ. და ი. თოიძეები, მ. ჭიაურელი, ალ. ციმაკურიძე, ხ. ბეგ-მუსაევი) ერთად გადაიღო ნაბახტევისა და დავით გარეჯის (აღმოსავლეთი საქართველო) ფრესკათა ასლები. ეს ორი ექსპედიცია მოაწყო "ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ".
1917
იყო წევრი "ქართველ ხელოვანთა" და "საისტორიო-საეთნოგრაფიო" საზოგადოებათა მიერ ისტორიულ პროვინცია ტაო-კლარჯეთში (სამხრეთი საქართველო) მდებარე ძეგლების შესასწავლად და დაზიანებულ ფრესკათა ასლების გადასაღებად მოწყობილი ექსპედიციისა (ხელმძღვანელი – დიდი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი ექ. თაყაიშვილი; წევრები – მხატვრები: ლ. გუდიაშვილი, მ. ჭიაურელი, ი. ზდანევიჩი, დ. შევარდნაძე, ხუროთმოძღვარი ა. კალგინი და ვარძიის მონასტრის წინამძღვარი მამა იპოლიტე). ლ. გუდიაშვილისა და სხვა მხატვართა მიერ შესრულებული ქართული ტაძრების ჩანახატები და ფრესკათა ასლები გამოიფინა თბილისის "დიდების ტაძარში" (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა). მოხატა თბილისში, რუსთაველის გამზირზე (უწინდელი გოლოვინის პროსპექტი) მდებარე "ფანტასტიკური ყავახანის", იგივე "პოეტების საამქროს" კედლები მხატვრებთან – კ. ზდანევიჩთან და ს. ვალიშევსკისთან ერთად. მოხატულობა დაკარგულად ითვლება.
1918
მონაწილეობდა თბილისში მოწყობილ მხატვართა გამოფენებში.
1919-1920
შეასრულა მოხატულობა (დ. კაკაბაძესა და ს. სუდეიკინთან ერთად) "ცისფერყანწელთა" ინიციატივით თბილისში დაარსებულ ქართველ მწერალთა კაფე-კლუბ "ქიმერიონში", რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის ახლანდელ ქვედა ფოიეშია. ლ. გუდიაშვილმა დახატა "სტეპკოს დუქანი" და "დარაჯი მელა". შექმნა ილუსტრაციები თბილისის მოდების ჟურნალისთვის. ლ. გუდიაშვილის მონაწილეობით თბილისის "დიდების ტაძარში" (ახლანდელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა) "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" თაოსნობით მოეწყო ქართველ მხატვართა საზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები, სადაც ექსპონირებულ იქნა მისი ბევრი სურათი. მათ შორის, "თბილისის აღმოჩენა", "ქალი მზეთამზე", "თევზი ცოცხალი", "ხაში", "ძმაბიჭების ქეიფი", "ქრისტინე" და მრავალი სხვ. სასწავლებლად გააგზავნეს პარიზში სახაზინო სახსრებით "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" (უშუალოდ კი დ. შევარდნაძის) ინიციატივითა და შუამდგომლობით. მოგვიანებით, იმავე მიზნით, იტალიის გავლით საფრანგეთში გაიგზავნენ მხატვრები – დ. კაკაბაძე, შ. ქიქოძე, ქ. მაღალაშვილი, ე. ახვლედიანი. ლ. გუდიაშვილი გზად შეჩერდა იტალიაში მუზეუმებისა და არქიტექტურული ძეგლების დასათვალიერებლად. ლ. გუდიაშვილი დაბინავდა პარიზში, მონპარნასის უბანში, იუგენსის ქუჩაზე მდებარე პატარა ბინაში. ხშირად სტუმრობდა მხატვართა და ხელოვანთა ცნობილ კაფე "როტონდას". საფრანგეთში ყოფნისას გაეცნო და დაუახლოვდა ბევრ მწერალს, ხელოვანსა და ხელოვნების კრიტიკოსს – ლ. ფუჟიტას, ა. მოდილიანს, ფრ. მაზარელს, პ. პიკასოს, ი. ზულოაგას, ი. ზდანევიჩს, ი. ერენბურგს, მ. რეინალს, ა. ბრეტონს, ა. სალმონს, ლ. არაგონსა და მრავალ სხვას. პარიზის "შემოდგომის სალონში" პირველად გამოიფინა სამხატვრო წრეებისათვის უცნობი ახალგაზრდა მხატვრის, ლ. გუდიაშვილის სურათები. ლ. გუდიაშვილმა თავისი სურათები წარადგინა პარიზში (გალერეა "ლა ლიკორნი") ორგანიზებულ მხატვართა ჯგუფურ გამოფენაზე.
1921
მონაწილეობა მიიღო "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" გამოფენაში, რომელიც მოეწყო პარიზში, ელისეს მინდვრებზე მდებარე დიდ სასახლეში. მიიწვიეს პარიზში გალერეაში "დენსი" გამართულ რუს მხატვართა (ლ. ბაქსტი, ნ. გონჩაროვა, მ. ლარიონოვი, ს. სორინი, ს. სუდეიკინი და სხვ.) გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. პარიზში გალერეაში "ლა ლიკორნი" მოეწყო ქართველ მხატვართა – ლ. გუდიაშვილის, შ. ქიქოძისა და დ. კაკაბაძის სურათების გამოფენა. მონაწილეობდა პარიზში "ახალი სალონის საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ მხატვართა გამოფენაში კაფე "მონმარტრი".
1922
მოეწყო ლ. გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა პარიზში (გალერეა "ლა ლიკორნი"). კატალოგის წინასიტყვაობის ავტორია ხელოვნების კრიტიკოსი მ. რეინალი. მოხატა პარიზის რესტორან "კავკაზსკის" კედლები ძველი თბილისის მოტივებზე შექმნილი სურათებით.
1923
ცნობილმა ამერიკელმა გალერისტმა და კოლექციონერმა, ჯ. როზენბერგმა სხვა მხატვრების (ა. მატისის, ა. მოდილიანის, პ. სინიაკისა და სხვ.) სურათებთან ერთად შეარჩია და ნიუ-იორკის "ახალ გალერეაში" გამოფინა ლ. გუდიაშვილის ფერწერა და გრაფიკა. მონაწილეობდა ნიუ-იორკის "ახალ გალერეაში" გამართულ რუს მხატვართა (ლ. ბაქსტი, ვ. კანდინსკი, ს. სუდეიკინი, ს. სორინი, ვ. შუხაევი) გამოფენაში. გამოფენის კატალოგის წინასიტყვაობის ავტორია კრ. ბრინტონი.
1924
ა. და ნ. ბენუებთან, ს. სუდეიკინსა და ვ. შუხაევთან ერთად მხატვრულად გააფორმა პარიზში იტალიური საოპერო დასის სპექტაკლები.
1925
პარიზში, ჟოზეფ ბიიეს გალერეაში, მოეწყო ლ. გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა. კატალოგის წინასიტყვაობა დაწერა ა. სალმონმა. პარიზში მ. რეინალის ავტორობით გამოიცა მონოგრაფია ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაზე. შექმნა დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები ნ. ბალიევის მიერ პარიზში დადგმული სპექტაკლისათვის "კავკაზსკიე ნაპევი". წლის ბოლოს დაბრუნდა სამშობლოში.
1926
გამართა საანგარიშო პერსონალური გამოფენა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დრამატულ სტუდიაში. გამოფენის კატალოგს ახლავს ტ. ტაბიძის წერილი. რეჟისორ კ. მარჯანიშვილის მიწვევით, მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში: ბალეტი-პანტომიმა "მზეთამზე" (რეჟისორი კ. მარჯანიშვილი); გრ. რობაქიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ლამარა" (რეჟისორები - კ. მარჯანიშვილი და ს. ახმეტელი).
1927-1934
მონაწილეობა მიიღო მოსკოვსა და თბილისში გამართულ მხატვართა გამოფენებში. მიიწვიეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ხელმძღვანელობდა კომპოზიციის კლასს, ასწავლიდა ქანდაკების ფაკულტეტის კერამიკის განყოფილებაზე.
1928
შექმნა თბილისის სამხატვრო აკადემიის გერბი და გააფორმა მისი კლუბი. ლ. გუდიაშვილის ნამუშევრები გამოიფინა ვენეციის XVI საერთაშორისო ბიენალეზე.
1929
მონაწილეობდა თბილისისა და ერევნის ფერწერისა და თანამედროვე გრაფიკის გამოფენებში. კინორეჟისორმა მ. ჭიაურელმა მიიწვია კინოფილმ "საბას" მხატვრად დ. კაკაბაძესთან ერთად.
1931-1932
მუშაობდა მხატვრად კინორეჟისორ მ. ჭიაურელის ფილმ "ხაბარდაზე". მხატვრულად გააფორმა ქუთაისში კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებული II სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი "არსენას ლექსი". რეჟისორი კ. მარჯანიშვილი. მონაწილეობდა თბილისში, მოსკოვსა და პარიზში გამართულ მხატვართა გამოფენებში.
1933
ლ. გუდიაშვილის სურათები გამოიფინა ნიუ-იორკში (Custom House), ჩიკაგოში, ფილადელფიაში გამართულ თანამედროვე ფერწერის გამოფენებზე. ცოლად შეირთო ნინო (მგელაძე) გუდიაშვილი და ოჯახთან ერთად დაბინავდა თბილისში, ყოფილი ლორის-მელიქოვის, შემდგომში ლ. კეცხოველის, ამჟამად კი ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე.
1934
შეეძინა ქალიშვილი ჩუქურთმა. ლ. გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები წარმოდგენილ იქნა ლონდონსა და გლაზგოში მოწყობილ საბჭოთა გრაფიკის გამოფენაზე.
1935-1936
ლ. გუდიაშვილის პარიზელი მეგობრის, პ. ვორმსის თაოსნობით, პარიზში გალერეაში "ბიიე" მოეწყო მისი ნახატების გამოფენა, რომელზედაც საგანგებოდ მიიწვიეს მ. რეინალი და ა. სალმონი. გამოფენას ფართოდ გამოეხმაურა ადგილობრივი გაზეთები. დაიბეჭდა პ. ვორმსის წერილი, რომელშიც განხილული იყო ლ. გუდიაშვილის შემოქმედება. მონაწილეობდა თბილისში, ბათუმში, მოსკოვში, მარსელსა და ინგლისის ქალაქებში გამართულ მხატვართა ფერწერისა და გრაფიკის გამოფენებში.
1937
მხატვრულად გააფორმა კომპოზიტორ ვ. დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტე" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (რეჟ. ა. წუწუნავა).
1938-1940
მონაწილეობა მიიღო თბილისში, სოხუმში, ბათუმში, ქუთაისში, მოსკოვში, ხარკოვში, კიევსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში ორგანიზებულ ფერწერისა და გრაფიკის გამოფენებში.
1941-1943
აირჩიეს საქართველოს მხატვართა კავშირის თბილისის განყოფილების მიერ შექმნილი თავდაცვის სექციის ხელმძღვანელად. მასში გაერთიანებული მხატვრები მიდიოდნენ სამამულო ომის ფრონტებზე და ქმნიდნენ სურათებს ომის თემაზე. მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ მხატვართა გამოფენებში.
1945
ლ. გუდიაშვილის სურათები წარმოდგენილ იქნა ამერიკაში (ფლორიდა) ორგანიზებულ რუსული ფერწერის გამოფენაზე.
1946-1949
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შეთავაზებით, მოხატა თბილისში ქაშვეთის ეკლესიის საკურთხეველი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ლ. გუდიაშვილი პირველი შემოქმედია, რომელმაც შეასრულა საეკლესიო მხატვრობა. მონაწილეობდა მოსკოვსა და თბილისში მოწყობილ მხატვართა გამოფენებში (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება).
1953
გააფორმა თბილისში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული ესტრადის თეატრის ინტერიერი.
1954-1956
მონაწილეობდა თბილისში, ბორჯომში, ორჯონიკიძეში (ახლანდელ ვლადიკავკაზში), ხარკოვში გამართულ საბჭოთა სახვითი ხელოვნების გამოფენებში. მხატვრულად გააფორმა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დრამატურგ ვ. კანდელაკის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "მაია წყნეთელი" (რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი).
1957
მოეწყო პერსონალური გამოფენა თბილისის სახელმწიფო სურათების გალერეაში. მონაწილეობდა თბილისსა და მოსკოვში ჩატარებულ გამოფენებში.
1958
გაიმართა პერსონალური გამოფენა სსრკ მხატვართა კავშირის მოსკოვის საგამოფენო დარბაზში.
1958-1967
მონაწილეობა მიიღო თბილისში, ვარშავაში, კიევში გამართულ სახვითი ხელოვნების გამოფენებში.
1965
მოეწყო შოთა რუსთაველის პრემიაზე წარდგენილი ლ. გუდიაშვილის სურათების გამოფენა თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
1966-1970
მონაწილეობდა გამოფენებში – თბილისი, მოსკოვი, პარიზი, დრეზდენი. გაიმართა პერსონალური გამოფენა თბილისში გამომცემლობაში "მერანი".
1971-1972
მონაწილეობდა მოსკოვში, თბილისსა და ერევანში ჩატარებულ გამოფენებში. მიენიჭა სსრკ სახალხო მხატვრის წოდება.
1973-1976
გაიმართა პერსონალური გამოფენა საქართველოს მხატვართა კავშირის ბათუმის საგამოფენო დარბაზში. მონაწილეობდა მოსკოვში, თბილისში, ბათუმსა და სტოკჰოლმში გამართულ გამოფენებში. მიენიჭა საბჭოთა კავშირის შრომის გმირის წოდება.
1977-1980
მონაწილეობა მიიღო თბილისში, მოსკოვში, პარიზსა და ბელგიის ქალაქებში ჩატარებულ გამოფენებში. გაიმართა პერსონალური გამოფენა თბილისში, საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროს საგამოფენო დარბაზში. მოეწყო პერსონალური გამოფენა ბუდაპეშტის ნაციონალურ მუზეუმში.
1980
19 ივლისს გარდაიცვალა. დაიკრძალა თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1980
ლადო გუდიაშვილის სახელი მიენიჭა ქ. ბათუმის მხატვრის სახლს.
1982
8 აპრილს ასტრონომთა საერთაშორისო ორგანიზაციამ ლ.გუდიაშვილის სახელი მიანიჭა რ. ვესტის (გერმანია) მიერ აღმოჩენილ მცირე პლანეტას.
1992
ლადო გუდიაშვილის სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ცენტრში, სადაც ცხოვრობდა მხატვარი ოჯახთან ერთად. ლ. გუდიაშვილის ქუჩა მუზეუმების „უბანს“ ეკუთვნის, სადაც მდებარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი: საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
1995
გარდაიცვალა მხატვრის მეუღლე, ნინო გუდიაშვილი.
1998
ლადო გუდიაშვილის სახელი ეწოდა მოედანს ქ. თბილისის ისტორიულ ნაწილში.
2003
ქ. თბილისის ცენტრში, 9 აპრილის სახელობის ბაღში დაიდგა ლადო გუდიაშვილის ძეგლი. ავტორი მოქანდაკე დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე.
2011
თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე #11 გაიხსნა ”ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი”.